რამდენია რესტორნებში საკვების თვითღირებულების საშუალო პროცენტი? ამ სტატიაში ნახავთ ნიშნულებს რესტორნის ტიპის, სამზარეულოსა და მასშტაბის მიხედვით — აშშ-ის ეროვნული რესტორნების ასოციაციის (National Restaurant Association) მონაცემებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
აშშ-ის ბაზრის მონაცემებით, ყველა ტიპის რესტორანში საკვების თვითღირებულება საშუალოდ საკვების შემოსავლის 28–35%-ს შეადგენს. დიაპაზონი ფართოა და ამას თავისი მიზეზი აქვს: ინგრედიენტების ხარჯის მხრივ პიცერია და სტეიკჰაუსი სრულიად განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ.
ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლის ცოდნა სასარგებლოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში რეალურად თქვენი ტიპის რესტორნის საშუალო გეხმარებათ. ქვემოთ საკვების თვითღირებულების ნიშნულები დაყოფილია რესტორნის ტიპის, სამზარეულოს, მასშტაბისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, რათა ზუსტად დაინახოთ, სად დგახართ.
აშშ-ის ეროვნული რესტორნების ასოციაციის 2024 წლის გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც 900-ზე მეტი ოპერატორის ანგარიშს ეფუძნება, მედიანური მაჩვენებელი სრული მომსახურების რესტორნებისთვის გაყიდვების 32.0%-ია, შეზღუდული მომსახურების რესტორნებისთვის კი — 32.4%. საკუთრების ფორმის, საშუალო ჩეკისა და გაყიდვების მოცულობის მიხედვით დაყოფა მხოლოდ ასოციაციის ფასიან ანგარიშშია (Operations Data Abstract) და არა უფასო მიმოხილვაში, ამიტომ დამოუკიდებელი და ქსელური რესტორნების შესახებ სხვაგან ნანახ ციფრებს გადაუმოწმებლად მიიჩნიეთ. თავად სხვაობის მიზეზი კი რეალურია: ქსელები ცენტრალიზებული შესყიდვებითა და დიდი მოცულობის ფასდაკლებებით სარგებლობენ.
| სეგმენტი | საკვების თვითღირებულების საშუალო % |
|---|---|
| ყველა რესტორანი (აშშ-ის საშუალო) | 28–35% |
| დამოუკიდებელი რესტორნები | 30–35% |
| ქსელური რესტორნები | 27–31% |
| სწრაფი კვება | 25–30% |
| სრული მომსახურების რესტორნები | 30–36% |
დამოუკიდებელი რესტორნის მფლობელისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ ეს დაყოფაა. საკვების თვითღირებულების სამიზნე პროცენტი დიდწილად თქვენს კონცეფციაზეა დამოკიდებული.
| რესტორნის ტიპი | საკვების თვითღირებულების საშუალო % | რატომ |
|---|---|---|
| სწრაფი კვება | 25–30% | დიდი მოცულობა, მარტივი მენიუ, დამუშავებული ინგრედიენტები |
| ფასტ-კეჟუალი | 28–32% | ახალი ინგრედიენტები, შრომის ზომიერი წილი |
| კეჟუალ რესტორანი | 28–35% | სრული მენიუ, ცილოვანი პროდუქტების ზომიერი ხარჯი |
| მაღალი კლასის რესტორანი | 30–40% | პრემიუმ ინგრედიენტები; მცირე პორციებს მაღალი ფასი აბალანსებს |
| პიცერია | 25–32% | ცომი და ყველი იაფია; ხორცის დანამატები ხარჯს ზრდის |
| სტეიკჰაუსი | 35–45% | საქონლის ხორცი ძვირია; ბალანსს სასმელების მაღალი მარჟა ქმნის |
| თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი | 33–42% | თევზის ფასი მაღალი და ცვალებადია; გაფუჭების რისკი ხარჯს ამატებს |
| იტალიური | 26–33% | პასტაზე აგებულ მენიუს შესანიშნავი მარჟა აქვს |
| მექსიკური / ტექს-მექსი | 25–32% | ლობიო, ბრინჯი და ტორტილა ძალიან იაფი საბაზისო ინგრედიენტებია |
| აზიური / სუში | 28–38% | სუშის თევზი ზედა ზღვარს წევს; ლაფშა და ბრინჯი აბალანსებს |
| საცხობი / კაფე | 25–35% | ფქვილი, შაქარი და კარაქი იაფია; სპეციალური პროდუქცია ხარჯს ზრდის |
| ბარბექიუ | 30–38% | მთლიანი ტუშის შესყიდვა გეხმარებათ; ბრისკეტი და ნეკნები ძვირია |
| ფუდ-ტრაკი | 28–35% | მცირე მენიუს ოპტიმიზაცია მარტივია; შეზღუდული სივრცე დანაკარგს ზრდის |
| ბარი / პაბი (მხოლოდ საკვები) | 20–30% | მარტივი მენიუ, რომელსაც სასმელების მარჟა აბალანსებს |
| კეიტერინგი | 28–38% | პარტიებად მომზადება გეხმარებათ; ზედმეტი წარმოება დანაკარგს ზრდის |
ეს ნიშნულები მხოლოდ სამზარეულოს ტიპზე არ არის დამოკიდებული. საკვების თვითღირებულების პროცენტზე კიდევ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს:
მდებარეობა. ინგრედიენტების, განსაკუთრებით ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების ფასი ქალაქებსა და რეგიონებს შორის განსხვავდება. აშშ-ის მაგალითზე, ნიუ-იორკის ბრუკლინში მდებარე რესტორანი ერთსა და იმავე ბოსტნეულში შეიძლება 15–25%-ით მეტს იხდიდეს, ვიდრე ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე რესტორანი.
მენიუს სირთულე. რაც მეტი პოზიციაა მენიუში, მით უფრო რთულია თვითღირებულების კონტროლი. მეტი პოზიცია ნიშნავს მეტ მარაგს სამართავად, გაფუჭების მეტ რისკს და კერძის თვითღირებულების მეტ ცვალებადობას.
მოცულობა. დიდი მოცულობით მომუშავე რესტორნები მომწოდებლებთან უკეთეს ფასზე თანხმდებიან. რესტორანი, რომელიც კვირაში 225 კგ ქათამს უკვეთავს, კილოგრამში საგრძნობლად დაბალ ფასს იხდის, ვიდრე ის, ვინც 22 კგ-ს უკვეთავს.
სეზონურობა. ბოსტნეულისა და ხილის ფასი მთელი წლის განმავლობაში იცვლება. აგვისტოში იაფი პომიდორი იანვარში შეიძლება ორჯერ და მეტად გაძვირდეს. თუ მენიუ სეზონურ ინგრედიენტებს ეყრდნობა და ფასებს არ ასწორებთ, თვითღირებულება ბაზართან ერთად ირხევა.
ურთიერთობა მომწოდებლებთან. რესტორნები, რომლებიც რეგულარულად ადარებენ მომწოდებლების ფასებს და მოლაპარაკებას აწარმოებენ, ჩვეულებრივ 2–4 პროცენტული პუნქტით დაბალ თვითღირებულებას ინარჩუნებენ, ვიდრე ისინი, ვინც დისტრიბუტორის ნებისმიერ ფასს ეთანხმება. საქართველოში მომწოდებლები rs.ge-ზე ელექტრონულ ზედნადებს გამოწერენ, რაც ფასების ისტორიის გადამოწმებასა და მომწოდებლების შედარებას ამარტივებს.
ნაბიჯი 1: გამოთვალეთ ბოლო თვის ფაქტობრივი თვითღირებულების პროცენტი.
საკვების თვითღირებულების % = (საწყისი მარაგი + შესყიდვები − საბოლოო მარაგი) ÷ საკვების შემოსავალი × 100
შესყიდვები და შემოსავალი ერთნაირად დაითვალეთ: ან ორივე დღგ-ს (18%) გარეშე, ან ორივე დღგ-ს ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცენტი რამდენიმე პუნქტით დამახინჯდება.
ნაბიჯი 2: იპოვეთ თქვენი რესტორნის ტიპი ზემოთ მოცემულ ცხრილში.
ნაბიჯი 3: შეადარეთ.
| თქვენი პოზიცია | რას ნიშნავს |
|---|---|
| დიაპაზონის ქვედა ზღვარზე დაბლა | ან განსაკუთრებით მკაცრად მართავთ ოპერაციებს, ან პორციები ზედმეტად მცირეა და ინგრედიენტების ხარისხი — დაბალი |
| დიაპაზონის ფარგლებში | ინდუსტრიის ნორმას შეესაბამებით |
| დიაპაზონის ზედა ზღვარზე მაღლა | საჭიროა გამოკვლევა — ფასები, დანაკარგი, მომწოდებლების ხარჯი ან ქურდობა |
| ზედა ზღვარზე 5 პუნქტით მეტი | სასწრაფოა — დიდი ალბათობით, საკვებზე ზარალობთ |
საშუალო მაჩვენებლები კარგი ათვლის წერტილია, თუმცა შეიძლება შეცდომაშიც შეგიყვანოთ. აი, რატომ:
თქვენი მენიუს შემადგენლობა უნიკალურია. კეჟუალ რესტორანს, რომელიც ძირითადად პასტას ყიდის, სრულიად განსხვავებული თვითღირებულება ექნება, ვიდრე იმას, რომელიც ძირითადად სტეიკს ყიდის — თუმცა ორივე „კეჟუალ რესტორანია“. საშუალო მაჩვენებელი ყველაფერს ერთად ურევს.
შემოსავალი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხარჯი. რესტორანი, რომლის თვითღირებულება 35%-ია და საკვებიდან თვეში 150,000 ₾ შემოსავალი აქვს, უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 30%-იანი თვითღირებულების რესტორანი 75,000 ₾ შემოსავლით: პირველი საკვებზე 97,500 ₾ მთლიან მოგებას იღებს, მეორე — 52,500 ₾-ს. ხარჯებს ლარში გამომუშავებული მთლიანი მოგება ფარავს და არა მხოლოდ პროცენტი.
საშუალო რესტორანი მომგებიანი არ არის. რესტორნების დახურვის მაჩვენებელს ხშირად აზვიადებენ: ცნობილ მტკიცებას, რომ „90% პირველივე წელს იხურება“, მტკიცებულება არ აქვს, და ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის კვლევამ მსგავსი არაფერი აღმოაჩინა. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემებით, ერთლოკაციიანი რესტორნების დაახლოებით 17% იხურება პირველ წელს — ეს სხვა მომსახურების ბიზნესებზე ნაკლებია — ხუთი წლის შემდეგ კი დაახლოებით ნახევარი კვლავ მუშაობს. თუმცა გადარჩენა მომგებიანობას არ ნიშნავს და ბევრი მათგანი მცირე მოგებით მუშაობს. „საშუალოზე“ ორიენტირება საკმარისად ამბიციური არ არის — მიზნად თქვენი ტიპის რესტორნის დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაისახეთ.
ინდუსტრიის საშუალოსთან შედარების ნაცვლად, საკუთარი ბიუჯეტიდან უკუღმა იმოძრავეთ:
დაიწყეთ მთლიანი შემოსავლით
გამოაკელით სამიზნე წმინდა მოგება (მაგალითად, 8–10%)
გამოაკელით ქირა (ჩვეულებრივ შემოსავლის 6–10%)
გამოაკელით ყველა სხვა ფიქსირებული ხარჯი (კომუნალური, დაზღვევა, სახარჯი მასალა და ა.შ.)
რაც დარჩება, ეს არის თქვენი ბიუჯეტი საკვებისა და შრომის ხარჯისთვის (პრაიმ ქოსთი)
გადაანაწილეთ ეს თანხა საკვებსა და შრომას შორის თქვენი კონცეფციის მიხედვით
მაგალითად:
| მუხლი | შემოსავლის % | თვეში (120,000 ₾ შემოსავალი) |
|---|---|---|
| სამიზნე წმინდა მოგება | 8% | 9,600 ₾ |
| ქირა | 8% | 9,600 ₾ |
| სხვა ფიქსირებული ხარჯები | 15% | 18,000 ₾ |
| ხელმისაწვდომი პრაიმ ქოსთისთვის | 69% | 82,800 ₾ |
| შრომის ხარჯი | 33% | 39,600 ₾ |
| ხელმისაწვდომი საკვების თვითღირებულებისთვის | 36% | 43,200 ₾ |
| საკვების სამიზნე თვითღირებულება % | 36% |
ამ მაგალითში 36%-იანი თვითღირებულება 8%-იან მოგებას ტოვებს. თუ თვითღირებულებას 32%-მდე ჩამოიყვანთ, დამატებითი 4 პუნქტი პირდაპირ მოგებას დაემატება — თვეში 4,800 ₾, ანუ წელიწადში 57,600 ₾.
ყველაზე სასარგებლო შედარება თქვენი რესტორანი ინდუსტრიასთან კი არა, თქვენი რესტორანი ამ კვირაში წინა კვირასთან არის. თვითღირებულების დინამიკა ნებისმიერ ნიშნულზე მეტს გეტყვით.
| კვირა | საკვების თვითღირებულება % | ცვლილება | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1-ლი კვირა | 31.2% | — | საბაზისო |
| მე-2 კვირა | 32.8% | +1.6 | მომწოდებლის ახალი ფასები? |
| მე-3 კვირა | 33.5% | +0.7 | გამოიკვლიეთ — ზრდის ტენდენციაა |
| მე-4 კვირა | 30.9% | −2.6 | მენიუს ფასების კორექტირებამ იმოქმედა |
თუ საკვების თვითღირებულებას ყოველკვირეულად არ აკონტროლებთ, გამოიყენეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მძიმე სამუშაოს ავტომატურად ასრულებს. Wox-ით ინვოისებს ტელეფონით იღებთ და საკვების თვითღირებულებას რეალურ დროში აკონტროლებთ — ცხრილების გარეშე, ხოლო საბაზისო პაკეტი უფასოა.
რესტორნებში საკვების თვითღირებულების საშუალო პროცენტი 28–35%-ია, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ თქვენი კონცეფციისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს აქვს. პიცერიები, იტალიური და მექსიკური რესტორნები, როგორც წესი, ქვედა ზღვართან მუშაობენ. სტეიკჰაუსები და თევზის რესტორნები — უფრო მაღალ მაჩვენებელზე. მაღალი კლასის რესტორნებში კი ყველაფერი მენიუზეა დამოკიდებული.
იცოდეთ თქვენი მაჩვენებელი. შეადარეთ სწორ ნიშნულს. აკონტროლეთ ყოველკვირეულად. და თუ ზრდის ტენდენციას ხედავთ, მიზეზი მანამ გამოიკვლიეთ, სანამ ათასობით ლარი დაგიჯდებათ.


